თბილისელებისთვის სამედიცინო დაფინანსების წესი იცვლება
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისელების 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარს ზემოთ, დედაქალაქის მერია დააფინანსებს.
ამის შესახებ ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ჩივიაშვილის ინფორმაციით, ე.წ. სხვა სოციალური პროგრამიდან ოპერაციებსა და მედიკამენტებს დაფინანსებისთვის ბიუჯეტი, წელს, 25 მილიონი ლარით განისაზღვრა.
"როგორც ცნობილია, გამგეობები აფინანსებენ ე.წ. სხვა სოციალური პროგრამიდან ოპერაციებსა და მედიკამენტებს. წესი დღეს დამტკიცდა, თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი სამედიცინო მანიპულაციების დაფინანსება. კერძოდ, გამოიყო პრიორიტეტული ჯგუფები. ამ ჯგუფებში შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, შშმ პირები, ვეტერანები, მარჩენალდაკარგულები და სხვადასხვა საჭიროების მქონე კატეგორიები. მათი დაფინანსება განხორციელდება პრიორიტეტულად.
გამგეობებს ექნებათ კონკრეტული პროცედურა ამ მიმართულებით. გარდა ამ პრიორიტეტებისა, დაფინანსება გაგრძელდება ყველა იმ საჭიროებაზე, რომელიც არ შედიოდა პრიორიტეტულ მიმართულებებში, მაგრამ მათ სჭირდებოდათ. ასეთი შემთხვევების ინდივიდუალური შესწავლა მოხდება უშუალოდ გამგეობების მიერ და ამ შესწავლის შედეგებით განხორციელდება დაფინანსება.
დაფინანსებაში განსაზღვრულია, რომ სხვადასხვა პროცენტებით მოხდება სხვადასხვა მანიპულაციების დაფინანსება საყოველთაოს ტარიფების გათვალისწინებით. აქამდე ერთი და იგივე პიროვნების დაფინანსება ხდებოდა როგორც მერიის, ასევე გამგეობის ბიუჯეტიდან, ახლა უკვე ეს გაიყო, გამგეობა დააფინანსებს 1000 ლარამდე სამედიცინო მანიპულაციებს, ხოლო 1000 ლარის ზემოთ დაფინანსებას განახორციელებს თბილისის მერიის ჩვენი სამსახური. ეს ბიუჯეტი არ შეცვლილა.
რაც შეეხება კორუფციის რისკებს, აქ იგულისხმებოდა, რომ აქამდე დაფინანსება ხდებოდა, როგორც საყოველთაოს ტარიფით, ასევე კომერციული ტარიფითაც, როდესაც სამედიცინო კლინიკები ახორციელებდნენ ანგარიშფაქტურების წარმოდგენას. ვინაიდან არის განსხვავება საყოველთაო ტარიფის და კლინიკების მიერ წარმოდგენილ ანგარიშფაქტურების ტარიფებს შორის, უკვე საყოველთაო დაზღვევის ტარიფის მიხედვით განხორციელდება მომსახურების დაფინანსება", - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა და დასძინა, რომ მთლიანად ე.წ. სხვა სოციალურის ბიუჯეტი 25 მილიონი ლარია.