სიახლეები

მთავარი
სიახლეები

კოდექსში შეტანილი ცვლილებების აღსრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2018-01-11 14:13:46


იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კომიტეტის წევრებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების აღსრულებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ცვლილებებით, რომელიც ძალაში 2017 წლის აგვისტოში შევიდა, დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო შენობებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგინდა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, კომიტეტს აქვს ტრადიციული ფორმატი, რომლის ფარგლებშიც, კომიტეტის წევრები, მიღებულ კანონთან დაკავშირებით რამდენიმე თვეში ისმენენ პირველად ინფორმაციას კანონის ამოქმედების შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს კანონის აღსრულების მიმდინარეობაზე და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრნენ, ასევე გააცნეს შესაბამის სამართალდარღვევებზე რეაგირების სტატისტიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, კანონის მიღების იდეა იყო მოქალაქეებს ჰქონოდათ საკუთარი კონსტიტუციური უფლების - ჯანმრთელობის უფლების დაცვის მექანიზმი.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით სრულიად ახალი სტანდარტი დამკვიდრდა და უკვე რამდენიმე თვეში დადებითი შედეგებიც მოიტანა.

„ეს პირველი ნაბიჯია, პირველი ეტაპი და მგონია, რომ წარმოდგენილი ინფორმაციით საინტერესო შედეგი მივიღეთ“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, კანონის აღსრულებაზე მონიტორინგი გაგრძელდება, კომიტეტსა და შსს-ს შორის ინფორმაციის გაცვლა მოხდება და ჩატარდება შესაბამისი ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაბამისი პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მორიგი შეხვედრა თებერვალში გაიმართება.

სამუშაო შეხვედრას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ეკა ბესელიასთან ერთად კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნატო ჩხეიძე და კომიტეტის წევრები: ლევან გოგიჩაიშვილი და მამუკა მდინარაძე ესწრებოდნენ.

წყარო

ბოლო სიახლეები