სიახლეები

მთავარი
სიახლეები

ეროვნული ბანკი ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების გამოქვეყნებას იწყებს

2018-01-23 09:59:40


საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების გამოქვეყნებას იწყებს. 

როგორც სებ-იდან იუწყებიან, აღნიშნული ინიციატივა დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, დამტკიცებამდე გაეცნონ ნორმატიული აქტების პროექტებს და მათთან დაკავშირებული მოსაზრებები და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს. 

”ეროვნული ბანკის აღნიშნული უფლებამოსილება "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებით განისაზღვრა, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საფინანსო სექტორთან დაკავშირებული ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის პროექტი მის დამტკიცებამდე გამოაქვეყნოს დაინტერესებული მხარეებისაგან კომენტარების მიღების მიზნით.

ხსენებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამჭვირვალობისა და დაინტერესებული მხარეების საზედამხედველო პოლიტიკის განვითარების პროცესში ჩართულობის გაზრდაა. აღნიშნული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს და მას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც უჭერს მხარს”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ ინიციატივის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა უკვე გამოაქვეყნა პირველი ნორმატიული აქტის პროექტი. 

”კერძოდ, ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსის პროექტი კომერციული ბანკებისთვის, რომლის მიზანი საბანკო სექტორში ეთიკისა და საბანკო პროფესიის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრებაა, რაც ხელს შეუწყობს საბანკო სექტორისა და ბანკირის პროფესიის მიმართ საზოგადოების, მათ შორის, ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. აღნიშნული ნორმატიული აქტის პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 10 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethics@nbg.gov.ge 

ამასთან, სამომავლოდ, ინიციატივის ფარგლებში გამოქვეყნებული ნორმატიული აქტების პროექტების გაცნობა შესაძლებელი იქნება შემდეგ მისამართზე: სამართლებრივი აქტების პროექტები”, - განმარტავენ სებ-ში.

წყარო

ბოლო სიახლეები