სიახლეები

მთავარი
სიახლეები

რა ცვლილებები ელის სკოლის მანდატურს?

2018-02-06 17:41:42


მანდატურს მოზარდის შეყოვნების შემთხვევაში მშობლისთვის შეტყობინების ვალდებულება ექნება, სამართალდარღვევის აღმოჩენისას კი მან პოლიციას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს. აღნიშნული ცვლილებები "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შედის.

ცვლილებათა პაკეტი შს სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მოამზადა.

"სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების და მშობლისთვის და სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება;

მანდატურის სამსახური ხდება გაცილებით დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე - მანდატური თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ, რაც მანდატურის დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. მანდატურის სამსახურის უფროსს, თავის მხრივ, თანამდებობაზე

ნიშნავს განათლების მინისტრი", - ნათქვამია კანონპროექტში.

შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების მიერ მომზადებული კანონპროექტით, მანდატურად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე, 21 წელს ზემოთ ასაკის მქონე პირი. 

ცვლილებების თანახმად, იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს.

"თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, ცვლილების შემდეგ მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი; მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი აიწევს 21 წლამდე; იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს. გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან", - აღნიშნულია კანონპროექტში. 

როგორც შსს-ში აცხადებენ, კანონპროექტი მიზნად ისახავს მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას და უწყებებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის გზით, როგორც სკოლის, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას.

კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

წყარო

ბოლო სიახლეები