თბილისში ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების კიდევ 101 ადგილი გაუქმდა
ქვეითების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის თბილისის მთავრობამ ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების კიდევ 101 ადგილის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ თბილისის მერია იუწყება.
მათივე ცნობით, ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების ყველაზე მეტი ადგილი შემცირდა: გრიგოლ რობაქიძის გამზირის კორპუს 2ა-2ბ-სთან - 21 ერთეული და ვაჟა-ფშაველას გამზირის N30-ის მიმდებარედ - 23. სულ ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ ტროტუარებზე ავტომანქანების დგომის 65 ადგილი შეიზღუდა. ასევე, ჭავჭავაძის N37-თან ტროტუარებზე პარკირების 12 ადგილი გაუქმდა. ანალოგიური ცვლილებები შეეხო ყაზბეგის გამზირის N9ა-ში არსებულ პარკირების სამ ადგილსაც.
უწყებაში აცხადებენ, რომ თბილისის მერია ქვეითთა უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად, ტროტუარებზე პარკირებას ეტაპობრივად აუქმებს. 2014 წელს ქვეითთა სავალ ზოლზე არსებული 2 200 ადგილიდან დღეისთვის, სულ 924-ია დარჩენილი.
პარალელურად, დედაქალაქის საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა უბანში, ავტომობილების 186 სადგომი ადგილი დაემატა, მათ შორის, რიყის ტერიტორიაზე - 105, წინანდლის ქუჩაზე - 30, ხოლო ვირსალაძისა და ხიდის ქუჩებზე, სადაც ამჟამად, მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ჯამში 40 ადგილი.
უწყების ინფორმაციით, მითითებულ მისამართებზე მერია პარკირების ადგილებს შშმ პირთათვის გამოყოფს.