Facebook-მა საბავშვო
რა ასაკიდან შეიძლება სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის შექმნა?
ფორმალურად, Facebook-ის წესების თანახმად 13 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელში დარეგისტრირების უფლება არ აქვს, თუმცა, სინამდვილეში ბავშვები ასაკის შეზღუდვისთვის გვერდის ავლას ადვილად ახერხებენ.
ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის Facebook-ზე 13 წელს მიუღწეველი 20 მილიონამდე ბავშვია დარეგისტრირებული. სწორედ ამიტომ კომპანიამ გამოუშვა პირველი აპლიკაცია, რომელიც ბავშვებზეა მორგებული. ჯერჯერობით ის ამერიკაში მცხოვრები iOS-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.
Messenger Kids ზრდასრულებისთვის შექმნილი აპლიკაციის გამარტივებული ვერსიაა, რომელსაც ბევრი თავდაცვითი მექანიზმი აქვს. იმისთვის რომ ბავშვებზე გათვლილი მესენჯერი გამოიყენოს მცირეწლოვანს მშობლის
ნებართვა სჭირდება, თავად კომპანია კი ირწმუნება, რომ მცირეწლოვანი მომხმარებლების მონაცემებს რეკლამის დამკვეთებს არ მიაწვდის.
"ჩვენი კვლევების მიმდინარეობისას მშობლები თავად მოგვიყვნენ რაგზით შეგვეძლო გაგვეუმჯობესებინა ჩვენი აპლიკაცია. ჩვენ ბავშვებისთვის განკუთვნილი მესენჯერი ამ აპლიკაციის პოტენციურ მომხმარებლებთან ერთად ექსპერტების ხელმძღვანელობით შევიმუშავეთ",- განაცხადა Messenger Kids-ის პროექტის მენეჯერმა ლორენ ჩენმა.
როგორ იმუშავებს ბავშვებისთვის განკუთვნილი მესენჯერი?
თუ ორ მცირეწლოვანს სოციალურ ქსელში ერთმანეთთან დამეგობრება სურს, ორივე მათგანს ერთი მშობლის ნებართვა მაინც დასჭირდება, ამის შემდეგ ბავშვები შეძლებენ კომუნიკაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებების, ფოტოებისა და ვიდეოჩატის მეშვეობით. ასევე მესენჯერი უკვე მოიცავს წინასწარ შერჩეულ და ბავშვებისთვის უსაფრთხო გიფების, სტიკერების, ნიღბების ბიბლიოთეკას.
Messenger Kids-ის მომხმარებლებთან ურთიერთობა უფროსებსაც შეეძლებათ, მაგრამ მათ ასევე დასჭირდებათ ბავშვის მშობლების ნებართვა.