სიახლეები

მთავარი
სიახლეები

მძღოლები ერთმანეთს აფრთხილებენ - "სითი პარკი" ჯარიმების ჩაბარებას ახალი მეთოდით ცდილობს"

2017-12-21 10:55:51


     ქართველი მძღოლები სოციალურ ქსელში ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ კერძო საფოსტო კომპანიებიდან მიღებული შეტყობინებები გზავნილის შესახებ ყურადღებით გადაამოწმონ, რადგან ფოსტაში მისულებს, შესაძლოა, "სითი პარკის" ჯარიმები დახვდეთ. 

     "ავტომანქანების მფლობელო მეგობრებო, თუ დაგირეკეს კერძო საფოსტო კომპანიიდან, ტექსტით "თქვენს სახელზე შეტყობინებაა / ამანათია / გზავნილია და მობრძანდით", არ გაბრიყვდეთ და არ მიხვიდეთ: CT Park-ის ჯარიმების დარიგების ახალი მეთოდია"! - წერს "ფეისბუქის"მომხმარებელი.

     ერთ-ერთი მძღოლი, ვინც "სითი პარკისგან" შეტყობინება საფოსტო კურიერის საშუალებით მიიღო, თენგო მირცხულავაა. უფრო კონკრეტულად კი - მისი შეტყობინება კურიერმა მეზობელს დაუტოვა.

     "ვიფიქრე, შესაძლოა, ჩემმა რომელიმე მეგობარმა გამომიგზავნა რამე, რადგან შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ ფოსტაში

     ჩემს სახელზე გზავნილის ასაღებად უნდა მივსულიყავი. მივედი მითითებულ მისამართზე, ერთ-ერთი კერძო საფოსტო კომპანია იყო. მითხრეს, რომ "სითი პარკის" ჯარიმები უნდა ჩამებარებინა. არ ჩავიბარე, რადგან შეტყობინება ჩემს ნაცვლად მეზობელს დაუტოვეს, მე კი ფოსტაში მოტყუებით მიმიყვანეს,"- ამბობს თენგო მირცხულავა. 

     კომპანია "სითი პარკში" AMBEBI.GE-ს განუცხადეს, რომ მრავალი წელია, მძღოლები შეტყობინებებს ჯარიმების შესახებ სხვადასხვა საფოსტო მომსახურების საშუალებით იღებენ. 

     "ჩვენ გვყავს რამდენიმე საფოსტო კომპანია, ქვეკონტრაქტორი, რომლებიც არიგებენ ჯარიმებს. მათ შორის არის "საქართველოს ფოსტაც". ისინი უზრუნველყოფენ ადრესატამდე წერილის მიტანას. 

     რაც ჯარიმები არსებობს, ყოველთვის სხვადასხვა საფოსტო კომპანიას მიჰქონდა ადრესატამდე შეტყობინებები. კანონის მიხედვით, მთავარია, ინფორმაცია მიეწოდოს ავტომფლობელს ჯარიმის შესახებ, ან - მისი ოჯახის წევრს. ჯარიმა კი ჩაბარებულად ითვლება მას შემდეგ, რაც ჯარიმას ჩაიბარებს ავტომფლობელი, ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი," - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ. 

     მისივე თქმით, SMS ან სატელეფონო ზარი ჯარიმების შესახებ არის მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების საშუალება მძღოლისთვის. "თუ თქვენ მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება, ან - დაგირეკეს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ჯარიმა ჩაიბარეთ," - განმარტავს ტაბიძე.

წყარო