Google-ს თეთრკანიანი კაცების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ
ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Google-ის ორმა თანამშრომელმა მამაკაცმა, კომპანიაში „თეთრკანიანი კაცების“ დისკრიმინაციის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
საქმე ეხება კომპანიის კალიფორნიაში, ქალაქ სანტა კლარაში მოქმედ ოფისს, სადაც აღნიშნული ორი კაცი მუშაობდა და როგორც თავად აცხადებენ, კონსერვატიული შეხედულებების გამო ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდნენ.
ჯეიმს დეიმორი და დევიდ გუდმანი კომპანიის ინჟინრები იყვნენ და სასამართლოს ჯგუფური სარჩელით მიმართეს. სარჩელში დეიმორი და გუდმანი ამტკიცებენ, რომ Google-ი სამსახურში აყვანისას არაკანონიერ კვოტირებას იყენებს, ასაქმებს რა უფრო მეტ ქალს და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს. ისინი ბრალს სდებენ კომპანიას იმ თანამშრომლების დისკრიმინაციაში, რომლებიც გამოირჩევიან კონსერვატიული შეხედულებებით და მათ შორის არიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები. საჩივარში წერია, რომ მამაკაცებს ღიად ემუქრებოდნენ და ამცირებდნენ, აქვე აღნიშნული იყო, რომ იმ მენეჯერებს, რომლებიც დავალებას თავს სათანადოდ ვერ გაართმევდნენ, საჯარო თათბირებზე უსტვენენ და არცხვენენ.
სასამართლო სარჩელის მოთავე გახლავთ ჯეიმს დეიმორი, რომელიც გასულ წელს გაათავისუფლეს კომპანიიდან სამსახურებრივი ჩანაწერის გამო, სადაც ის წერდა ქალისა და მამაკაცის ბიოლოგიურ სხვაობაზე, ეს კი ეწინააღმდეგებოდა კომპანიის მიერ მხარდაჭერილ გენდერული თანასწორობის პოლიტიკას. დეიმორი ამტკიცებს, რომ ჩანაწერი არ იყო საჯარო და ის მან მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის სამიტზე დასწრების შემდეგ შეავსო. თავის მხრივ, კომპანიის ხელმძღვანელმა, სუნდარ პიჩაიმ კი განაცხადა, რომ აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგებოდა კომპანიის ეთიკური ქცევის წესებს და ამის გამო მოხდა დეიმორის სამსახურიდან დათხოვნა.