სიახლეები

მთავარი
სიახლეები

ნინო გვენეტაძე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

2018-01-11 12:36:50


10 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ  შეხვედრა გამართა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძოდ, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სასამართლო სისტემაში 2018 წელს  განსახორციელებელი   პროექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის მოსამართლეთა კარიერული წინსვლისა და შეფასების სისტემის, მოსამართლეთა  თანამდებობაზე  უვადოდ გამწესების პროცედურების სრულყოფის, დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართალწარმოების გაუმჯობესებისა და ასევე დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის მხარდაჭერის შესახებ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს დონორი ორგანიზაციები კვლავ გააგრძელებენ საერთო სასამართლოების სისტემაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაზიარებას და ამ მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, მათ შორის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემდგომი გაფართოების კუთხით.

ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით  დაგეგმილია მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტების ორგანიზება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც ამერიკელი მოსამართლეების მოწვევა საქართველოში გამოცდილების გაზიარებისა და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებისთვის. მიმდინარე წლის განმავლობაში დონორი ორგანიზაციები  კვლავ აქტიურად დაუჭერენ მხარს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციურ გაძლიერებას და სკოლაში მსმენელთა მიღებისა და სწავლების პროცესის დახვეწას. დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  ყურადღება გაამახვილეს სასამართლოს ეფექტურობის გაუმჯობესებისა და სასამართლოებში საქმეთა ნაკადის შემცირების ხელშეწყობის ღონისძიებებზე, ასევე საერთო სასამართლოების სისტემაში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის დანერგვასა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, უზენაესი სასამართლო გამოთქვამს მზადყოფნას, რათა დონორი ორგანიზაციების კოორდინციისა და ეფექტური კომუნიკაციის მიზნით ამ ფორმატის შეხვედრები კვლავაც გაიმართოს.

როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, მსგავსი ხასიათის შეხვედრა, უახლოეს მომავალში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართება.

წყარო

ბოლო სიახლეები