თურქეთთან ახალ სასაზღვრო რეგულაციებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკს შეხვდა.
პატარაძემ უშუალოდ თურქეთის კონსულისაგან მოისმინა ინფორმაცია საზღვრის გადაკვეთის ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკამ საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში შემოიღო.
ზურაბ პატარაძემ თურქეთის კონსულთან რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში საზღვრის კვეთის შესახებ ცვლილებებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილა.
შეგახსენებთ, რომ სარფში საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი რეგიონის პირველი პირებისგან განმარტებას ითხოვენ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაწესდა შეზღუდვები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე.
მათი თქმით, ახალი რეგულაციის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის 90-დღიანი ვადის გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე ვეღარ შევლენ, რის გამოც თურქეთში სამუშაო ადგილებს კარგავენ.