სიახლეები

მთავარი
სიახლეები

საჯარო რეესტრის პრაქტიკა, უცხო ქვეყანაში გაცემულ მინდობილობასთან დაკავშირებით!

2024-03-01 17:17:52

ჩვენ მიერ გასაჩივრდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

საკუთრების უფლება უნდა დარეგისტრირებულიყო, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ 2022 წელს დადებული და საჯარო რეესტრში დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა რეგისტრაციის მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

2024 წლის თებერვალში, ჩვენმა კომპანიამ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა განცხადება, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობის საფუძველზე. წარდგენილ განცხადებაში მიეთითა, რომ უფლება დარეგისტრირებულიყო 2022 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელსაც მხარემ ხელი პირადად, საჯარო რეესტრში, უფლებამოსილი პირის თანდასწრებით მოაწერა.

საჯარო რეესტრმა შეაჩერა წარმოება „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ბრძანებაზე მითითებით(საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ N487 ბრანების, 56-ე მუხლი), რომელიც განსაზღვრავს ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას დაქვემდებარებულ გარიგებებს, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგებები ექვემდებარება სანოტარო წესით დამოწმებას.  აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ N71 ბრძანების 28-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით: ‘’თუ გარიგება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება და მისი მხარე წარმოდგენილია უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობით, გარიგება უნდა დამოწმდეს ნოტარიუსის მიერ, საჯარო აქტის ფორმით“.

ჩვენ მიერ გასაჩივრდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, იმ არგუმენტით, რომ მხარემ უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობის საფუძველზე წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უკვე არსებულ, საჯარო რეესტრის ბაზებში დაცულ და დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მინდობილობის საფუძველზე მოქმედი პირი გახლდათ არა უშუალოდ გარიგების მონაწილე, ხელმომწერი, არამედ განაცხადის წარმდგენი. გამომდინარე აქედან, საკუთრების უფლება უნდა დარეგისტრირებულიყო, საჯარო რეესტრში უკვე ხელმოწერილი და დაცული ხელშეკრულების საფუძველზე. ამ შემთხვევაში, უსაფუძვლო იყო გარიგების საჯარო აქტის ფორმით  დამოწმების მოთხოვნა.

საჩივრის ფარგლებში, მოთხოვნილ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, რომელიც საჩივრის წარდგენიდან რამოდენიმე დღეში დაკმაყოფილდა და საკუთრების უფლება დარეგისტრირდა დაინტერესებულ პირზე.

ბოლო სიახლეები