„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით, კომპანიებს დაევალათ უზრუნველყონ, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით, რომელიც 2022 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, კომპანიებს დაევალათ 2025 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
ამ მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს:
- კომპანიის გადაწყვეტილება;
- სადამფუძნებლო შეთანხმება;
- ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი წესდება;
აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოს უჩერდება რეგისტრაცია, ამის შესახებ მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა.
რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, აგრეთვე რეგისტრაციაშეჩერებული საწარმოს მიერ ქონების განკარგვის, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის, საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების შესაძლებლობის შეზღუდვას.
► მარეგისტრირებელი ორგანო აღნიშნული საწარმოს საიდენტიფიკაციო მონაცემებს აწვდის შემოსავლების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საქართველოში მოქმედ ბანკებს.
► კომპანიის რეგისტრაცია აღდგება ვალდებულების შესრულებისთანავე.
რეგისტრაციის შეჩერების პერიოდშიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ამ ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის თაობაზე და ადგენს 3-თვიან ვადას ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ საწარმო ამ ვადაშიც არ წარადგენს განცხადებას ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას მეწარმის ან/და ფილიალის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
ჩვენ დაგეხმარებით კომპანიის დოკუმენტაცია მოიყვანოთ „მეწარმეთა შესახებ კანონთან“ შესაბამისობაში.