სიახლეები

მთავარი
სიახლეები

„რეზონანსი

2017-12-15 17:22:39


     მოსახლეობას საბანკო ვალი მარყუჟივით უჭერს. 
     უკვე ხელისუფლებაშიც ალაპარაკდნენ, რომ ბანკებზე დამოკიდებულება მსესხებლების გადახდისუნარიანობას სამომავლოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს, რადგან ხალხი ერთხელაც ამ მუდმივად მზარდი ვალის მომსახურებას ვერ შეძლებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს,  პარლამენტი შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს რეგულაციების გამკაცრებაში ხედავს. დიდია საფრთხე, რომ მსესხებლების გადახდისუუნარობა კომერციული ბანკების საქმიანობაზე აისახება და ბანკების პორტფელი გაუარესდება.
     მართალია, დღესდღეობით ეს საფრთხე არ იკვეთება, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში პრობლემა მოსალოდნელია.
     ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ყურადღება მოსახლეობის ჭარბვალიანობაზე გაამახვილა. მისი აზრით, ლარის არასტაბილურობით ბანკები დიდ ფულს შოულობენ და ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია სებ-ის ჩარევა.
     "ორი წელი და 10 თვე ის პერიოდია, როცა ქვეყანაში კურსი არის ძალიან არასტაბილური. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბანკები ლარის მერყეობით დიდ ფულს შოულობენ. ვფიქრობ, აქ ეროვნული ბანკის ჩარევა საკმაოდ მნიშვნელოვანია", - მიმართა სებ-ის პრეზიდენტს ჭიჭინაძემ.
     მოგვიანებით, "რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატმა განმარტა, რომ მოსალოდნელ რეგულაციებში ბანკებისთვის, პირველ რიგში, არაპროფილური საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს, რის შესახებაც ახალი კანონის მიღება იგეგმება.
     რაც შეეხება მოსახლეობის გადახდისუნარიანობის შემცირების რისკს, ჭიჭინაძის შეფასებით, ჯერჯერობით ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია, თუკი ეროვნული ბანკი ზომებს დროულად არ მიიღებს.
     "ჩვენ გვაქვს არასახარბიელო ტენდენცია, როდესაც მოსახლეობის შემოსავლები იკლებს. სესხების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია გაცემული, ამიტომ ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ წარმოიქმნას საზოგადოების ისეთი ფენა, რომელიც სესხის მომსახურებას ვერ შეძლებს. სწორედ ამაზეა ყურადღება გასამახვილებელი.
     ეროვნული ბანკის ფუნქცია ისაა, რომ ეს პროცესი გააკონტროლოს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას სხვადასხვა კანონის მიღებაში, რათა კიდევ უფრო მეტად გაკონტროლდეს ბაზარი. არ შეიძლება, რომ მოსახლეობის შემოსავლის 60-70% ვალის მომსახურებისკენ მიიმართებოდეს. ასეთ შემთხვევაში ადამიანებს არსებობისთვის უწევთ ბრძოლა და სწორედ ამ დროს წარმოიქმნება საფრთხე. დღეს ვერ ვხედავ ამ მხრივ საგანგაშო სიტუაციას, მაგრამ სამომავლოდ რისკი ნამდვილად დიდია.
ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობა არ არის სახარბიელო და ფულადი გადმორიცხვების მიმართულებითაც შეიძლება შეგვექმნას პრობლემა. ეს საფრთხე გამოჩნდა კიდეც, როცა რუსეთში რუბლმა დევალვაცია განიცადა. გარკვეული პრობლემა იყო საბერძნეთშიც, რის გამოც გზავნილების წილი შემცირდა და ამან საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა", - განმარტავს ჭიჭინაძე.
     მისი აზრით, ზღვრული საპროცენტო განაკვეთის დაწესება ბანკებისთვის მიუღებელია, რადგან ასეთი მიდგომა შავი ბაზრის გაჩენის რისკს გაზრდის, მაგრამ რაღაც მექანიზმი აუცილებლად შესამუშავებელია.
     "ჩემი აზრით, მნიშვნელოვნად გამოსწორდება ვითარება, თუკი ბანკები არ იქნებიან დაკავებული არაპროფილური საქმიანობით და მთელ ფინანსურ რესურსს სხვისი ბიზნესის დაკრედიტებისკენ მიმართავენ. ამით ხელი შეეწყობა კონკურენციის ზრდას. დღეს, როცა ბანკი თავად არის ამა თუ იმ ბიზნესის მფლობელი, ქვეყანაში კონკურენტების გაჩენით არ იქნება დაინტერესებული. სწორედ ესაა პრობლემა.
     ეროვნულ ბანკსა და მთავრობასთან ერთობლივი მუშაობით მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც ბანკებს არაპროფილურ საქმიანობას აუკრძალავს. აქედან გამომდინარე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რამეთუ მსგავსი პრობლემის გადაჭრით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდება.
     ეკონომიკის განვითარება ხელს უწყობს მოსახლეობის კეთილდღეობასა და შემოსავლების ზრდას. ეს ნაბიჯი თუ არ იქნა გადადგმული დროულად, მარტო სამომხმარებლო სესხებზე ჩამოკიდება და ასე განვითარებული ეკონომიკა არ გამოგვადგება. ამით მხოლოდ ბანკებს აქვთ ზემოგება. შეუძლებელია, ასე გაგრძელდეს", - აცხადებს დეპუტატი.
საბანკო სფეროში გარკვეული ცვლილებების დაწესებაზე საუბრობს ფინანსისტი მიხეილ დუნდუა. "უნდა შევასრულოთ სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, სესხის მომსახურება/შემოსავალთან ლიმიტი უნდა დაწესდეს მხოლოდ შინამეურნეობებისათვის გასაცემ ყველა იპოთეკურ და არაიპოთეკურ სესხზე. ასევე, სესხის მომსახურება, ანუ სესხის დასაფარად ყოველთვიურად შესატანი თანხა უნდა იყოს მსესხებლის შემოსავლის 30%-ზე დაბალი, უცხოურ ვალუტაში კი - 20%-ზე დაბალი. კომერციულმა ბანკებმა არ უნდა მიაქციონ ზედმეტი ყურადღება გირაოს უზრუნველყოფას, შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემა კი სამუდამოდ უნდა აიკრძალოს", - განმარტავს დუნდუა.
     საბანკო სფეროს სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ ბანკებს სერიოზულად დაუდგეთ კრიტიკული პერიოდი და დიდი ფინანსური ზარალი განიცადონ, თუკი საპროცენტო განაკვეთებს არ შეამცირებენ. ასე ფიქრობს საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა, რომლის თქმითაც, უახლოეს რამდენიმე წელიწადში ბანკებს სტაბილურობის პრობლემა არ ემუქრება, თუმცა მსესხებლების წინაშე გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუწევთ.
     "სესხებთან დაკავშირებით ასეთი მძიმე სიტუაცია ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად არის საქართველოში. ადრე უარესი პერიოდიც იყო, მაგრამ ბანკები ყოველთვის ახერხებდნენ ფულის ამოღებას. მათ იმდენად დიდი მოგება აქვთ, რომ ჯერჯერობით ზარალის ჩამოწერაც არ უქმნის პრობლემას. ის, რომ მოსახლეობა გადახდისუუნარო ხდება, ახლო მომავალში ბანკებს საფრთხეს არ შეუქმნის, მაგრამ აშკარაა, რომ ბანკები იჭრიან ტოტს, რომელზეც სხედან.
     ბანკირებს კარგად აქვთ შესწავლილი როგორც მოსახლეობის ფინანსური შესაძლებლობები, ასევე ფსიქოლიგიური ფაქტორები, მიუხედავად გაჭირვებული მდგომარეობისა, დღესდღეობით მოსახლეობა კრედიტს ფარავს. შეიძლება იკლებს საჭმელს, სხვა ხარჯს ამცირებს, მაგრამ ბანკის ვალს ყველა საშუალებით იხდის. ამიტომ საფინანსო ინსტიტუტებს ახლო მომავალში ამ თვალსაზრისით საფრთხე არ უნდა დაემუქროს. თუმცა, სამომავლოდ, თუკი არ შეცვლიან თავიანთ საკრედიტო პოლიტიკას და ისევ გააგრძელებენ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით სესხების გაცემას, შესაძლებელია, სერიოზულად დაუდგეთ კრიტიკული პერიოდი და დიდი ფინანსური ზარალი განიცადონ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ელიავამ.

წყარო

ბოლო სიახლეები